
“თბილისის ბულვარი“ იქნება კურორტი ქალაქში“ – GINO Holding-ის პრეზიდენტი €250- მილიონიან პროექტზე
სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის GINO Holding-ის მიმდინარე პროექტების პორტფელში ყველაზე მსხვილი პროექტია „თბილისის ბულვარის“ 250 მილიონევროიანი პროექტი, რომელიც აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას GINO Holding-ის პრეზიდენტმა და სლოვაკეთში საქართველოს საპატიო კონსულმა ნოდარ გიორგაძემ განაცხადა, პროექტი ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
“თბილისის ბულვარი“ სავიზიტო ბარათი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – რეგიონისთვის. ის იქნება მინი მწვანე ქალაქი, რომელიც 30-ჰაზე გაშენდება. არ მოვჭრით არცერთ ხეს იმ ტერიტორიაზე, პირიქით, დამატებით 3000 უნიკალური ჯიშის ახალი ხე დაირგვება. სხვადასხვა ფუნქციის შენობა-ნაგებობები – სკოლა, ბაღი, სავაჭრო ცენტრი, სასტუმროები თავისუფალ ადგილას აშენდება. ცალკე ვაშენებთ 850 ავტომობილზე გათვლილ პარკინგის შენობას. „თბილისის ბულვარი“ უნიკალური პროექტია, რომლის მსგავსი ჯერ არ გამიკეთებია. ის იქნება, პრაქტიკულად, კურორტი ქალაქში“, – თქვა ნოდარ გიორგაძემ.

“ჯინო ჰოლდინგის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება დაწყებულია და უკვე ინვესტირებულია 7,5 მლნ ევრო. აღსანიშნავია, რომ პროექტისთვის, „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილია 100 მლნ აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი.

ინვესტორის გეგმით, “თბილისის ბულვარის“ პროექტი, სავარაუდოდ, 5-6 წელიწადში დასრულდება.