Tbilisi Boulevard

გვინდა, რომ “თბილისის ბულვარის” სანაპირო ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დავიწყოთ – ნოდარ გიორგაძე

გვინდა, რომ “თბილისის ბულვარის” სანაპირო ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დავიწყოთ, – ამის შესახებ “ჯინო ჰოლდინგის” პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა “ბიზნესი რუსთავი 2“-თან  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა სასტუმრო 5 ვარსკვლავიანი იქნება.

“ეს იქნება საშუალო და მაღალი კლასის საფასო სეგმენტის დასახლება. ამ კომპლექსში არა კორპუსს, არამედ ჯიხურსაც ვერავინ დაამატებს. იქნება ის, რაც უკვე არის პროექტში. ერთი ბლოკის მშენებლობა უკვე დაწყებული გვაქვს.

ჩვენ ზამთრის სეზონზე აკვაპარკის მომსახურების არეალსაც გავზრდით. ზაფხულის პერიოდისთვის 3 ახალი აუზი დაემატება, თუმცა ზამთარში ასევე, შესაძლებელი იქნება ტალღოვანი აუზის გამოყენებაც, რაც საშუალებას მოგვცემს 300 ადამიანის ნაცვლად აღნიშნულ პერიოდში 2000-მდე მომხმარებელი მივიღოთ.

ჩემი ინფორმაციით, გაყიდვები უკვე დაიწყო და 6-მდე ხელშეკრულება მზად არის. თავიდან ღირებულების ისეთი სეგმენტი შევთავაზეთ მომხმარებლებს, რომ საინტერესო გამხდარიყო, თუმცა ეს ფასი აიწევს.

კომპლექსში არც ერთი სასტუმრო არ იქნება 5 ვარსკვლავზე ნაკლები. ასევე, საცხოვრებელი სეგმენტიც არ იქნება კლასიკური ტიპის. აშენდება აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი, რომელსაც ექნება მიმღები, რომელიც 300 კვ.მ-ზეა გათვლილი.

გარდა ამისა, პროექტი ისე ავაგეთ, რომ არ გვინდა შიდა ტერიტორიაზე მანქანა ჩერდებოდეს. ამის გამო დამატებით, 850 მანქანაზე გათვლილი მიწის ზედა 8 სართულიან პარკინგის აშენებას ვგეგმავთ. ხოლო შიდა ტერიტორიას მოემსახურება ელექტრომობილები“, – აცხადებს ნოდარ გიორგაძე.

ცნობისთვის, “თბილისის ბულვარი” “ჯინო ჰოლდინგს” ეკუთვნის და თბილისის ზღვის მიმდებარე კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ სახლებს, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრებს, სასტუმროებს, რესტორნებს და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებს.